10 თვის ჩარლი გარდის საქმე არასწორი ინტერპრეტაციით ქართულ მედიაში

სხვადასხვა ქართული საინფორმაციო საიტები ბოლო დღეებია აქტიურად და არასწორი ინტერპრეტაციით აშუქებენ 10 თვის ბრიტანელი ბავშვის, ჩარლი გარდის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სათაურით 'სასამართლომ 10 თვის ბავშვს სიკვდილი მიუსაჯა'.





ამ რეზონანსული საქმის არსი კი ასეთია. ჩარლი იშვიათი გენეტიკური დაავადებით ენცეფალომიოპათიური მიტოქონდრიული სინდრომით არის ავად და მედიცინას მისი გადარჩენა არ შეუძლია. არსებობს მხოლოდ ერთადერთი და ისიც საცდელი მკურნალობის კურსი, რომელიც შეერთებულ შტატებში ტარდება. ექიმები ამბობენ რომ ეს მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს და მშობლებს ურჩევენ ბავშვი პალეატიურ მკურნალობაზე გადაიყვანონ, რათა მან მშვიდად და ტანჯვის გარეშე დაასრულოს სიცოცხლე. 

მშობლებმა ჩარლის გადაყვანაზე ნებართვის მოსაპოვებლად სასამართლოს სამ ინსტანციაში შეიტანეს განაცხადი (ლონდონის სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო) და სამივე დაეთანხმა საავადმყოფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ მათ განაჩენი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს, რადგან მშობლებს აშშ-ში ბავშვის გადაყვანისა და მკურნალობის თანხა ჰქონდათ მოზიდული და ამ შანსის გამოყენებაც უნდოდათ. საბოლოოდ ადამიანის უფლებათა სასამართლომაც დაადასტურა სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება.


ინფორმაცია თითქოს 10 თვის ბავშვს 'სიკვდილი მიუსაჯეს', სიმართლეს არ შეესაბამება და კონკრეტულად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეპუტაციის შელახვასა და მის დემონიზაციას ისახავს მიზნად. ეს ვერ იქნება ‘სასჯელი’’ რადგან ჩარლი არ არის ეჭვმიტანილი. 

არსებობს  სამედიცინო და სასამართლო 
დასკვნები რომლებიც ერთხმად ამტკიცებენ რომ 
ბავშვი აშშ-ში მკურნალობით ვერ გამოჯანმრთელდება.


რას ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილება? ის ემყარება სამივე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ ჩარლის მკურნალი ექიმების გუნდისა და ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იმეორებს.  სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში წერია რომ ჩარლისთვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ხელოვნური პირობების შეწყვეტა (და არა სიცოცხლის მყისიერი შეწყვეტა), ემსახურება 10 თვის პაციენტისთვის ტკივილის შემსუბუქებას და ეს  საუკეთესო გამოსავალია შექმნილ ვითარებაში.


ადამიანის უფლებათა სასამართლო განაჩენში აღნიშნავს: „ჩარლის მშობლებმა ითხოვეს რომ განხილული ყოფილიყო, მათი ვაჟის ინტერესებში იქნებოდა თუ არა აშშ-ში ექსპერიმენტული მკურნალობის გავლა. ადგილობრივმა სასამართლომ დაასკვნა რომ კანონის ფარგლებში ჯდებოდა საავადმყოფოს მხრიდან სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭირო მკურნალობის შეწყვეტა, რადგან სავარაუდოდ ჩარლის სერიოზული ზიანი მიადგებოდა თუ მისი ამჟამინდელი ტანჯვა გაგრძელდებოდა გამოკეთების რაიმე რეალისტური შესაძლებლობის გარეშე და ექსპერიმენტული თერაპია ვერ მოიტანდა სარგებელს“. 


  


რას ემყარება ექიმების გადაწყვეტილება?
ის ემყარება ბავშვის ჯანმრთელობის რამდენიმე თვიან კვლევას.  იშვიათი გენეტიკური დაავადების გამო ჩარლის აქვს თანდაყოლილი სიყრუე, სიბრმავე, კუნთების დაუმორჩილებლობა (მისთვის შეუძლებელია ქუთუთოების მოძრაობაც კი), მას არ შეუძლია ხელოვნური ჩარევის გარეშე სუნთქვა, ყლაპვა და ბგერების გამოცემა, მათ შორის არც ტირილი.  ბავშვი ვერ განვითარდება და მისი მდგომარეობა მედიცინაში უკურნებლად ითვლება. 

გთავაზობთ ნაწყვეტს Great Ormond Street ჰოსპიტალის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან, სადაც 10 თვის პაციენტი ამ დრომდე ხელოვნური ჩარევით აგრძელებს სიცოცხლეს: „ჩვენ ექიმებს მოუწიათ დაეცვათ ბალანსი იმის გადასაწყვეტად იქნებოდა თუ არა ეს ექსპერიმენტული მკურნალობა საუკეთესო მისი ინტერესებისთვის. ერთ-ერთი ფაქტორი რამაც ამ გადაწყვეტილებაზე იქონია გავლენა არის ის რომ ჩარლის ტვინმა დაგვანახა რომ დაზიანება საკმაოდ ფართოა უჯრედულ დონეზე. ექიმი აშშ-ში რომელიც სთავაზობს მკურნალობას, გვეთანხმება რომ ექსპერიმენტული მკურნალობა ვერ შეცვლის ტვინის დაზიანებას, რომელიც  უკვე არსებობს. მაღალკვალიფიციური ბრიტანული გუნდი, ყველა ვინც საპირისპირო მოსაზრებას გვაწვდიდა, ასევე მშობლებთან ინსტრუქცია გავლილი კონსულტანტიც დაეთანხმა იმ აზრს რომ შემდგომი მკურნალობა ამაო იქნება, რაც იმას ნიშნავს რომ მას არ აქვს აზრი ან არ ექნება ეფექტური შედეგი.   



ჩარლის მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა რომის პაპმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.  მას მერე რაც მშობლების სურვილი ბავშვის შემდგომ მკურნალობაზე სასამართლომ დაბლოკა, ჩარლის ხელოვნური ჩარევით სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყვეტენ. როდის მოხდება ეს უცნობია. ამ დროის განმავლობაში ჩარლის მშობლებმა 1,3 მილიონ ფუნტზე მეტის მოზიდვა და უამრავი ადამიანის მხადარჭერის მოპოვება შეძლეს. ბოლო ინფორმაციით მშობლები ხვალ, 6 ივლისს, ლონდონში მხარდამჭერების შეკრებასა და აქციის მოწყობას აპირებენ, რაც სოციალური ქსელებით უკვე დაანონსეს. 



Comments