ქალები და მამაკაცები ეკონომიკურ თანასწორობას 2186 წლამდე ვერ მიაღწევენ


ქალები და მამაკაცები ეკონომიკურ თანასწორობას 2186 წლამდე ვერ მიაღწევენ. ანაზღაურებისა და ეკონომიკური თანასწორობის კუთხით ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვაობა მხოლოდ 170 წელიწადში აღმოიფხვრება - ასეთია მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის ანგარიში, რომელიც 144 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი. ეს კი იმაზე მეტყველებს რომ მსოფლიო გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად ძალიან ნელა მიიწევს წინ. 


ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნებულ მონაცემებში ორგანიზაცია შედარებით მცირე ვადას 118 წელს ასახელებდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი საბჭო განმარტავს, რომ მათ მიერ გაკეთებული წინასწარი გათვლები საბოლოო არაა და ის ყოველ წელს, მსოფლიოში არსებულ მოცემულობას ასახავს. 


ამ კვირაში ორგანიზაციამ გენდერული სხვაობის რეიტინგიც გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 90ე ადგილზეა. ეს წინა წელთან შედარებით 8 პოზიციით უკან დახევაა. საქართველოს უსწრებენ რეგიონის სხვა ქვეყნები: აზერბაიჯანი და უკრაინა.


იმის გამო რომ რეიტინგი 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით დგება, თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე შეფასება და ინდექსი ენიჭება ქალთა ჯანდაცვის, მათი პოლიტიკური ჩართულობის, ეკონომიკის სფეროში აქტიურობისა და განათლების კუთხით. საქართველოში სქესთა შორის ეკონომიკური სხვაობის მაჩვენებელი დანარჩენ სამთან შედარებით ყველაზე მაღალია და აქ ქვეყნის ინდექსი 61ია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს (119) ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა და პოლიტიკური გაძლიერების (114) კუთხით აქვს. განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსი კი 78ია.
Loading...
Loading...
ანგარიშის გამოქვეყნებას დაემთხვა ისლანდიელი ქალების მასობრივი აქცია, სადაც ანაზღაურების კუთხით, მამაკაცებთან 14-18%იან სხვაობას აპროტესტებენ. არადა ისლანდია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სიის სათავეშია, როგორც ქვეყანა, რომელსაც გენდერული ბალანსი კარგად აქვს დაცული. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი იემენშია, რომელიც 144-ე ანუ ბოლო ადგილზე გავიდა.


კვლევების მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში სქესთა შორის არათანაბარი წვდომა სამუშაო ადგილებზე და სხვაობა ანაზღაურებაში ყოველწლიურად ქალებს 9 ტრილიონ დოლარს აკარგვინებს, რაც ამ სხვაობის არარსებობის შემთხვევაში მათი ოჯახების ბიუჯეტს შეემატებოდა.


Comments