11 ოქტომბერი- ყველა გოგოსთვის მსოფლიოში

(ქალთა საინფორმაციო ცენტრი - 2016) 
აქვთ თუ არა გოგოებს საკმარისი თანასწორობა?

არის თუ არა მათი უფლებები დაცული?
აქვთ თუ არა მათ განათლების თანაბარი შესაძლებლობა?


ყოველ წლიურად, 11 ოქტომბერს გაერო ცდილობს მსოფლიოში ეს შეკითხვები დასვას და მათზე დაგვაფიქროს. 2012 წლიდან გაერო აღნიშნავს არასრულწლოვანი გოგოების საერთაშორისო დღეს და გვეუბნება რომ მათი პრობლემები მსოფლიო მნიშვნელობისაა. 

განვითარებად ქვეყნებში გოგონათა განათლების ხელმისაწვდომობა, მათი დაცულობა და თანაბარი გენდერული უფლებები – ის ძირითადი გამოწვევებია რასთან გამკლავებასაც არა ერთი ორგანიზაცია ცდილობს. მთავარი კი ამ გამოწვევებს შორის ადრეულ ასაკში ქორწინებაა, რაც პრაქტიკულად მიბმულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემასთან. 

დღეს მსოფლიოში 700 მილიონზე მეტი ქალი 18 წლამდე ასაკში არის დაქორწინებული, აქედან 1/3 კი 15 წლისაც არ იყო ქორწინების მომენტში. მონაცემები იზრდება და განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ღარიბი გოგონები წარმოადგენენ.  

ყოველ წლიურად გოგოების საერთაშორისო დღეს, მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნები ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ ადგილობრივ სოციალურ ჯგუფებში არსებულ პრობლემებზე.

ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წელს 665 არასრულწლოვანი პირის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო 2015 წლეს - 611ის. მოცემული მაჩვენებლებიდან, 95%-ის შემთხვევაში, არასრულწლოვანი სწორედ გოგო იყო. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში კი წერია რომ გასულ წელს ადრეულ ასაკში ქორწინების გამო 17 წლის ასაკში სკოლა შეწყვიტა 183-მა მოსწავლემ, 16 წლის ასაკში 143მა, 15 წლის ასაკში 65მა ხოლო 14 წლის ასაკში 16მა.





ადრეულ ასაკში ქორწინება ითვლება ძალადობის ფორმად, სადაც თავად არასრულწლოვანი შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ის ამ ნაბიჯის გადადგმით დგება, ხოლო მისი მშობელი და სახელმწიფო ვალდებულია  ბავშვები დაიცვას მისგან. განსაკუთრებული როლი ცნობიერების ამაღლების კუთხით სამოქალაქო განათლებას ეკისრება.

გაეროს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით ადრეული ქორწინება იწვევს ისეთ პრობლემს როგორიცაა: განათლებისა და თავისუფალი არჩევანის არქონა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ნაადრევი ორსულობა  და სხვა. გაეროს მონაცემებით ყველაზე მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი ამ მხრივ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაშია.




Comments